კავკასია, და მათ შორის საქართველო, წარმოადგენდა ძველი სამყაროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტერიტორიას, სადაც უძველესი ადამიანის საცხოვრებლად შექმნილი იყო ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები. დმანისი ეს ადგილებიდან ერთ-ერთია. დმანისის ნაქალაქარი მდებარეობს საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ პატარა დმანისის მახლობლად, მდინარეების მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან აღმართულ კონცხზე. დმანისი როგორც შუა საუკუნების ქალაქი მე-9 ე-10 სს-ში ჩამოყალიბდა. მოგვიანებით ის სამეფო ციხე-ქალაქი და ქვეყნის სამხრეთი საზღვრის თავდაცვითი სისტემის სტრატეგიული ცენტრი გახდა.12-13 სსში საქართველოს ოქროს ხანაში დმანისში განვითარდა ვაჭრობა, ხელოსნობის დარგები: კერამიკის მინისა და ძვლის ნაკეთობათა წარმოება: მეტალურგია. 1245 წელს მოიჭრა სპილენძის ფული, აშენდა ეკლესიები, მეჩეთი მედრესე, აბანოები, ქარვასლები, ხიდები ფუნქციონირებდა საბაჟო. ქალაქი მდებარეობდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზების გზაჯვარედინზე, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი აბრეშუმის გზის განშტოებას ქმნიდა. მე16 საუკუნის ბოლოს ქალაქი თემურ-ლენგის შემოსევბების შედეგად განადგურდა, თუმცა როგორც ციხე მე-18 საუკუნის ბოლომდე განაგრძნობდა არსებობას.
როგორც დასაწყისში დავწერე დმანისი არის უძველესი ქალაქი და იქ აღმოჩენელია ძველი ნაშტები. დმანისში წარმოებული გათხრების შედეგად ზედავილაფრანკული ასაკის ფაუნის ნაშთებთან ერთად მიკვლეული იყო ქვარგვალებზე დამზადებული პრიმიტიული ქვის იარაღები, ხოლო მოგვიანებით, მათთან ერთად, ადრეული ჰომინიდების ძვლოვანი ნაშთები, რომელთაც ახლო პარალელები მოეძებნებათ მხოლოდ აღმოსავლეთ აფრიკისა და იავას ანთროპოლოგიურ მასალებში. ამ აღმოჩენამ ადამიანის მიერ ძველი სამყაროს თავდაპირველი დასახლების საკითხი ახლებურად წარმოაჩინა. დმანისი, იქ მიკვლეული ჰომინიდების წარმომადგენელთა ნაშთების ადრეპლეისტოცენური ასაკის, მათთან ერთად აღმოჩენილი მდიდარი არქეოლოგიური თუ პალეონტოლოგიური მასალების გამო, პირველ ადგილს იკავებს ევრაზიის უძველეს სადგომთა შორის. დმანისის სადგომის განსაკუთრებულ მნიშვნელობას განაპირობებს: მისი ასაკი, რომელიც ქვედა პლეისტოცენის დასაწყისით განისაზღვრება (მატუიამას პალეომაგნიტური ეპოქა, ოლდუვაის ეპიზოდი, იზოტოპური ასაკი ბაზალტების მიხედვით 1, 8 ± 0, 1 მლნ. წ.); 5 მოცულობა (~ 5 000 მ² ფართობზე უფრო მეტი, რაც დგინდება სადაზვერვო თხრილებით) . Homo-ს მთავარი განმსაზღვრელი ნიშანი ქვის იარაღების დამზადების უნარია. სწორედ ქვის მასალის კვლევას ეძღვნება წინამდებარე ნაშრომი, მასალის, რომელიც დმანისის სადგომის კულტურულ ფენებში ადრეული ჰომინიდების ძვლოვან ნაშთებთან და მსხვილ ძუძუმწოვარ ცხოველთა ძვლებთან ერთად იყო განამარხებული. დმანისის ადრეპალეოლითური ადამიანის სადგომი საქართველოს ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში, ქვემო ქართლშია მიკვლეული. ქვემო ქართლი, რომელიც ესაზღვრება ჯავახეთს, ზემო ანუ შიდა ქართლს, კახეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს (მარუაშვილი ლ. 1964, გვ. 262), გეოლოგიური აღნაგობის სპეციფიკიდან გამომდინარე ფიზიკურ-გეოგრაფიული თავისებურებით ხასიათდება. ქვემო ქართლის ტერიტორიის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს დმანისის პლატო, რომელიც დოლერიტული ლავებითაა აგებული და უშუალოდაა დაკავშირებული ადრეული ჰომინიდების ადგილსამყოფელთან. აღნიშნული რეგიონის ჩრდილოეთ საზღვარს წარმოადგენს ლუკუნის ქედი, მუსაფრიანის შტოქედით, სამხრეთით მას ესაზღვრება სომხეთის ქედი, დასავლეთის საზღვარს წარმოადგენს ჯავახეთის ქედი ხოლო აღმოსავლეთი საზღვარი კი პირობითია და გადის ლოქის უღელტეხილსა და სოფ. კაზრეთზე გამავალი მერიდიანის გასწვრივ (მაისურაძე გ. და სხვ. 1998, გვ. 179-181). დმანისის პლატოს ამგები ვულკანოგენური დოლერიტული ლავები ქვედა მეოთხეულში ამოიღვარა ჯავაზეთის ქედის სამხრეთ ნაწილში და მაშავრის ხეობას ჩამოჰყვა მარნეულის ვაკისაკენ (მარუაშვილი ლ. 1964, გვ. 340). 10 ადგილსამყოფელი ქ. თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით 85 კმ-ის დაშორებით, სოფ. პატარა დმანისის (დმანისის რ-ნი) მახლობლად, მდინარეების მაშავრისა და ფინეზაურის შესართავთან წარმოქმნილ კლდოვან კონცხზეა განლაგებული, მდინარის დონიდან 90 მეტრის, ხოლო ზღვის დონიდან 1000 მეტრის სიმაღლეზე. კონცხი, რომელზედაც მდებარეობს ქვედაპალეოლითური სადგომი, წარმოადგენს დმანისის პლატოს ქვედა საფეხურისგან ეროზიით მოწყვეტილ ვულკანური ლავის ფრაგმენტს. ამ ლავის ფრაგმენტზე, მაშავრისა და ფინეზაურის ხეობებს შორის (შესართავში) დგას ძველი ქალაქის, დმანისის ნანგრევი (მარუაშვილი ლ. 1964, გვ. 341). სწორედ დმანისის ნაქალაქარის ტერიტორიაზე შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევის საველე კვლევა_ძიების შედეგადაა გამოვლენილი ადრეპალეოლითური ხანის დმანისელი ადამიანის ადგილსამყოფელი.
დმანისის სიონი
დმანისის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი მდებარეობს ქალაქის ცენტრში, შიდა ციხის ქვემოთ. ის სამეკლესიანი ბაზილიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიმუშია. როგორც ყველა სამეკლესიან ბაზილიკაში, შიგნით ნავები ერთმანეთისგან კედლებითაა გათიშული. სამი წაგრძელებული სადგომი ერთმანეთის გვერდით დაკავშირებულია კარებით. შუა სადგომი დანარჩენ ორზე რამდენადმე მაღალი და ფართოა, რის გამოც გარედან შენობას ნამდვილი ბაზილიკის იერი აქვს. თავდაპირველი სახით მხოლოდ შუა ნავმა მოაღწია, გვერდითი ნაწილები მნიშვნელოვნად არის გადაკეთებული. ნაგებია მცირე ზომის რუხი ფერის მქისედ დამუშავებული ქვით, გამოუყენებიათ აგური და რიყის ქვებიც. კონცენტრულად მნიშვნელოვანი ნაწილები ამოყვანილია სუფთად გათლილი კვადრებით. გადახურულია ბრტყელი ქვის ფილებით. სარკმლები შემოსილია წითელი თირის კვადრებით. სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ჩასმულია წითელი ქვა, რომლის ცალ პირზე გამოქანდაკებულია ბოლნური ჯვარი კვარცხლბეკიან მედალიონში. სამხრეთიდან ტაძარს მიშენებული აქვს კარიბჭე და სანათლავი, ჩრდილოეთის მხრიდან – სამკვეთლო. ტაძარი შიგნიდან მოხატული ყოფილა – საკურთხეველში შემორჩენილია XIII-XIV სს-ის მოხატულობა: წმინდანთა გამოსახულებანი და წარწერები. საკურთხევლის სამხრეთ კედელში პატარა თლილი ფილაქანია საინტერესო ბარელიეფით. ორი მამაკაცი დგას en face. მათ შორის მოთავსებულია კვარცხლბეკიანი ჯვარი, რომელიც თითქმის კაცის სიმაღლისაა. ყველაფერი ჩასმულია სადა ჩუქურთმიან ჩარჩოში. ორივე მამაკაცს ერთნაირი ქუდი ახურავს, მოყვანილობით ჰგავს საფარის ფრესკებიდან ცნობილი ათაბაგების თავსაბურავს.
მოგვიანებით, 1213-1222 წლებში, ლაშა-გიორგის მეფობაში, დასავლეთიდან ტაძრისთვის მდიდრულად მორთული კ ა რ ი ბ ჭ ე მიუშენებიათ. იგი ძირითადი ნაგებობისგან განსხვავდება სტილითა და მორთულობის ხასიათით. კარიბჭის სამივე ფასადი, ყველა სვეტი და თაღი მოპირკეთებულია ღია მწვანე თლილი ქვის ფილებით. გადახურულია ოთხ ბოძზე ამოყვანილი, თაღებზე დაყრდნობილი კამარით. კარიბჭეს გადახურვა ჯვარედინი აქვს, ამიტომ სახურავსა და ჭერს შორის დარჩენილ ადგილში სამალავი მოუწყვიათ, რომელიც სამი მხრიდან უვლის კამარას. შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს, ხოლო სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან პატარა სარკმლებით იხედება კარიბჭეში. შესასვლელის თაღი შეისრულია. კარიბჭეს სამი წარწერა აქვს: ერთი გარედან, შესასვლელის ზემოთ, (7 სტრიქონი), მეორე – შიგნით, სამხრეთ-აღმოსავლეთის სვეტის აღმოსავლეთ განის თავზე (2 სტრიქონი), მესამე – დასავლეთ ფასადის მარცხენა თახჩის ზემოთ (13 სტრიქონი). ამ უკანასკნელში მოხსენიებულია ლაშა-გიორგი. სამივე წარწერა ასომთავრულია.
თითქმის ზედ სიონის შენობაზეა მიდგმული მაღალი ოთხკუთხა შენობა, რომელიც ორსართულიანი სამრეკლოს ნაშთს წარმოადგენს. მას მრავალჯერ გადაკეთების კვალი ეტყობა.
დმანისის სიონის გვერდით მდებარეობს 1702 წელს აგებული დმანისის წმ. მარინეს სახელობის ეკლესია. სამხრეთის შესასვლელის ზემოთ მოთავსებული წარწერა გვაუწყებს: „ბატონიშვილის მარიამის გამდელმან ისახარ კვალად განვაახლე დაქცეული საყდარი ესე წმიდის მარინისა“. ეს ერთნავიანი პატარა სამლოცველოა, ჩვეულებრივი გეგმით (გარედან სწორკუთხედი, შიგნით – ერთი აფსიდი, საბჯენი თაღით ორად გაყოფილი კამარა, ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდან). უჩვეულოა კედლების წყობა: ქვემო რიგი თითქმის მთლიანად თლილი ქვის მოზრდილი კვადრებისგან შედგება. ზემოთ კი კვადრები უწესო მოხაზულობის ქვებსა და აგურებს ენაცვლება. აქა-იქ ძველი ჩუქურთმები და არაბულწარწერიანი ქვებია ჩართული. აშკარაა, ძველი შენობის მასალას ახალი დაუმატეს და ისე აღადგინეს მთელი ეკლესია. ახლანდელი სახურავი კრამიტისაა, კარნიზი – აგურის, ხერხულა.
განსაკუთრებულობას სამლოცველოს ფერადოვნება ანიჭებს. პირველი რიგის კვადრები მონაცვლეობით კაშკაშა ფირუზისფერი და კაშკაშა სისხლისფერია; ზემოთ, აგურის წყობაში ჩართული ქვები – კვლავ წითელი და მწვანე, შავი ქვიშისფერი, ყვითელი, სოსანი. ეს ფერადოვნება მწვერვალს აღწევს დასავლეთის სარკმლის გარშემო: აქაც თლილი კვადრები, წითელი, ქვიშისფერი, თამბაქოსფერი, ღვინისფერი, ღია მწვანე-მოცისფრო. ამას ემატება თვით აგურისა და დუღაბის რუხი ფერი.
ქალაქში დგას კიდევ ორი პატარა ეკლესიის ნანგრევი. ესენი, თითქოს, უბნის ეკლესიების ნაშთებს წარმოადგენენ. ორივე ქალაქის აღმოსავლეთ ნაპირის გასწვრივაა გაშენებული. ერთი – ზემოუბნისა,ქალაქის შესავალი ქუჩის ჩრდილო-აღმოსავლეთით დგას, მეორე – ქვემო უბნისა კი დაშორებულია პირველს 250-300 მეტრით ქვევით, ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით. ეს ერთნავიანი ეკლესიები საკმაოდ გვიან უნდა იყოს აგებული, რაც იქიდან ჩანს, რომ მათ კედლებში ჩაშენებულია ძველი ორნამენტირებული ქვები. ქვემო უბნის ეკლესია სომხური უნდა იყოს, რადგან სამხრეთ კარში ჩაშენებულია სომხური ჯვრებიანი და სომხური წარწერიანი ქვა (აღარ იკითხება). ზემო უბნის ეკლესია კი, თუმცა, მის სამხრეთ კედელშიც არის სომხური ჯვრებიანი ქვა, ქართულია, რადგან, იმ მცირე სასაფლაოზე, რომელიც ამ ეკლესიას ახლავს, ერთი საფლავის ქვა ქართულ წარწერას ატარებს.
ცალკე აღსანიშნავია 200 მეტრის სიგრძის წყალსაზიდი საიდუმლო გვირაბი, რომლითაც, ალბათ, ქალაქი ალყის დროს წყლით მარაგდებოდა. გვირაბი სიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით მიუყვება მაშავერას ხეობის ქარაფებს წყლის პირამდე. გვირაბის ზედა ნაწილი ჩამონგრეულია, ქვედა (უდიდესი) ნაწილი კი დღესაც მშვენივრადაა დაცული, გარდა კიბისა, რომლის საფეხურები ძალიან დაშავებულია. გვირაბი ზედ კლდეზეა მიდგმული. მას დიდი ქვის კედლები აქვს, რომლებსაც ეყრდნობა ისრული კამარა. გარკვეულ მანძილზე გაკეთებულია სარკმლები. გვირაბის სიგანე დაახლოებით 2 მეტრს უდრის, სიმაღლით კაცი შიგ კარგად გაიმართება.
გარეუბანი
გარეუბანი ქალაქის სამხრეთით მდებარეობს, ფინეზაურის ორივე ნაპირზე. მარცხენა სანაპიროზე ყოფილა სასაფლაოები და სასაფლაოს ეკლესია, ჩანს წისქვილების კვალი; მარჯვენა სანაპიროზე განლაგებული იყო აბანოები.
სასაფლაოები მარცხენა ნაპირის მაღლობზე მდებარეობს. ჯერ მუსულმანურია, ხოლო მისგან 120-130 მეტრის მოშორებით – ქრისტიანული. სასაფლაოს ისეთივე ფართობი უჭირავს, როგორც ქალაქს. ამასთან, მუსულმანური სასაფლაო გაცილებით უფრო დიდია. სამარხების ნაწილი XIV საუკუნეს მიეკუთვნება, მცირე ნაწილი – XIII საუკუნეს. ქრისტიანული სამარხები კი (სომხური და ქართული) XII-XIII საუკუნით თარიღდება. გათხრები ადასტურებენ, რომ შუასაუკუნეების სამაროვანი მდებარეობს უძველეს – ჩვ. წ. აღმ-დე VIII-VII საუკუნეების სამაროვანზე (ა. ჯაფარიძე, ვ. ართილაყვა).
სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარეობს მცირე ეკლესიის ნანგრევები. გადმოცემით, ეს ეკლესია თევდორეს სახელობის ყოფილა. იგი ახალი გზატკეცილის აღმოსავლეთ მხარეს, სოფელ პატარა დმანისის საზღვართან მდებარეობს. ეკლესია ერთნავიან მცირე ნაგებობას წარმოადგენს. ცხადად ეტყობა არაერთგზის რესტავრაციის კვალი. კედლებში ალაგ-ალაგ უწესრიგოდაა ჩასმული ჩუქურთმიანი ქვები.
მდინარის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ გაშენებული იყო აბანოები. ყველაზე უფრო დიდი ზემო აბანოა, რომელიც ახლანდელი პატარა დმანისის საზღვარზე მდებარეობს. შუა აბანო, რომლის დიდი ნაწილი წყალს წაუღია, 150-მდე მეტრით უფრო ქვევითაა. ამ უკანასკნელის მარჯვნივ კი – დანარჩენებზე უკეთ შემონახული ქვემო აბანო. ქვემო აბანო ხუთი ოთახისგან შედგება. ერთი გასახდელია, ოთხი – საბანაო და ერთიც – საღუმელე. შენობა ძირითადად ქვითაა ნაგები. აგური მხოლოდ დამხმარე მოწყობილობისთვისაა გამოყენებული. შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთიდან ჰქონდა.
ბოლნისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. მოიცავს ისტორიული ქვემო ქართლის ადრინდელ ფეოდალური ხანის ორ ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულს: ბოლნისის ხევს(ფოლადაურის აუზი) და ქვეშის ხევს( მაშავერის ქვემო დინება).1930 წლამდე ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ბორჩალოს მაზრაში. 1930 წლიდან კი გამოეყო ცალკე რაიონად. 1943 წლამდე ეწოდებოდა ლუქსემბურგის რაიონი. 1963-66 წწ. Iმდროინდელი ბოლნისის რაიონი აერთიანებდა მარნეულისა და დმანისის რაიონების ტერიტორიას. 1966 წელს გამოეყო ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზღვრებით
ბოლნისის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით საზღვრავს მარნეულის მუნიციპალიტეტი, დასავლეთის ესაზღვრება დმანისის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით ისაზღვრება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტით, ხოლო სამხრეთით სომხეთის რესპუბლიკით.მუნიციპალიტეტის ფართობია 804,2 კმ.
ქვემო ქართლის რეგიონი და მათ შორის ბოლნისიც დიდ როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში, რაც დასტურდება მატერიალური და წერილობითი წყაროებით, კულტურის ძეგლებით. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ მის ტერიტორიაზე აღრიცხულია 200-ზე მეტი ძეგლი. მათგან რამდენიმე მსოფლიო საგანძურშია შეტანილი.(ბოლნისის სიონი, წუღრუღაშენი).
ბოლნისის სიონი ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ტაძარია საქართველოში. ღვთისმშობლის სახელობის სამნავიანი ბაზილიკა ქ. ბოლნისიდან 5 კმ-ზე მდებარეობს. გამორჩეულია თავისი არქიტექტურითა და ორნამენტებით. ტაძრის სამხრეთ შესასვლელის ტიმპანზე ამოკვეთილია სამშენებლო წარწერა, სადაც აღნიშნულია, რომ ტაძარი აშენდა 479-494 წწ-ში. ეს წარწერა, ამავდროულად არის საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ქართული დამწერლობის უძველესი ნიმუში. წარწერა გვამცნობს, რომ ტაძარი აუგია პირველ ბოლნელ ეპისკოპოსს დავითს, ქართლის მეფის ვახტანგ გორგასლის (457-491 წწ.) მეფობის დროს. ტაძართან მდებარე სამრეკლო XVII ს-შია აგებული.
წუღრუღაშენის ტაძარი მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, მდ. ფოლადაურის გაშლილი ხეობის მარჯვენა მხარეს, ბოლნისის სიონიდან ორიოდ კმ-ზე, მდ. ბოლნისისწყლის მარჯვენა ნაპირას, მთის ფერდზე. XIII საუკუნის ეკლესიის წარწერებში მოხსენე ბული არიან გიორგი IV ლაშა (1210-1223) და ეკლესიის მშენებელი ჰასან არსენის ძე. წუღრუღაშენი გეგმით ბეთანიის ტიპისაა, მაგრამ უფრო პატარაა და გუმბათის ყელიც ბევრად მაღალია. ნაგებობა გარედან, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებულ სწორკუთხედშია მოქცეული. შიგა სივრცე შექმნილია ჯვრის 4 მკლავისაგან, რომელთაგან მხოლოდ აღმოსავლეთის მკლავია აფსიდით დასრულებული. საკურთხევლის ორივე მხარეს 2 სართულად განლაგებული სათავსებია, რომელთა ქვედა სართულებში სამკვეთლო და სადიაკვნეა მოთავსებული. ჩრდილოეთით ეკლესიას აქვს მოგვიანო ხანის მინაშენი, როგორც ჩანს, საგვარეულო საძვალე-ექვტერი. ტაძრის მშენებლობისას განსაკუთრებული სიფაქიზითაა გამოყენებული ფერადი ქვები: თბილი მოყვითალო ოქროსფერი, ღვინისფერი და ცისფერი. ძეგლი უხვადაა შემკული მდიდრული ჩუქურთმით.
გამოყენებული ლიტერატურა
1) ირ. ციციშვილი – "ქართული არქიტექტურის ისტორია", თბ.1955წ.
2) ჯუმბერ კოპალიანი – "დმანისის ციხე", თბ1996წ.
3)გიორგი ნიორაძე-„ადრეული ჰომინიდების ადგილსამყოფელი დმანისში, მისი ქვის ინდუსტრია და ადგილი ძველი სამყაროს ძირითად ადრეპლეისტოცენურ ძეგლთა შორის“ თბილისი:2006
Hiç yorum yok:
Yorum Gönder