კახეთი



კახეთი არის ისტორიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში. კახეთის რეგიონი საქართველოს აღმოსავლეთით მდებარეობს და საქართველოს რეგიონებს შორის ყველაზე დიდი ტერიტორია უკავია. კახეთის ცალკეულ მხარეებს ეწოდებოდა გარეკახეთი, ქიზიყი, შიგნიკახეთი და გაღმამხარი. უძველეს დროს კახეთი გაცილებით მცირე ტერიტორიას მოიცავდა. კახეთზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზები. ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობის გამო დროთა ვითარებაში თავდაპირველი კახეთის გარშემო გაერთიანდა მომიჯნავე პოლიტიკური ერთეულები. ადრინდელი ფეოდალურ ხანაში კახეთი უკვე ერწო-თიანეთისა და თუშ-ხევსურეთის ტერიტორიასაც მოიცავდა. VIII საუკუნის ბოლოს კახეთის შემადგენლობაში შევიდა აგრეთვე კუხეთი და ჰერეთის ტერიტორიის ნაწილი. კახეთის, ცალკე ტერიტორიული ერთეულის დაარსებას ქართული საისტორიო ტრადიცია ქართველთა ეთნარქის ქართლოსის ერთ-ერთ ძეს კახოსს მიაწერს. მისი მიწა-წყალი იყო კავკასიონსა და კახეთის მთას შორის, არაგვიდან ვიდრე ტყეტბამდე. კახეთის შენებაში კახოსს მისი ძმა კუხოსი ეხმარებოდა, რომლის კუთვნილი ტერიტორიაც არაგვიდან ჰერეთამდე მიწებს მოიცავდა. VIII ს-ში კახეთის დღევანდელ ტერიტორიაზე წარმოიქმნა კახეთის ადრეფეოდალური სამთავრო. IX ს-ში კახეთი შიდა ქართლის გარკვეულ ნაწილსაც მოიცავდა მდ. ქსნამდე. კახეთში შედიოდა ხევი ანუ წანარეთი, თუშეთი, ფხოეთი (ფშავ-ხევსურეთი) ასევე დურძუკეთი და ღლიღვეთი. ქართულ წყაროებში ეს ტერიტორია მოხსენიებულია როგორც "მთიულეთი კახეთისა". XV ს-ში საქართველოს დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა კახეთის სამეფო. მისი პოლიტიკური და კულტურული ცენტრი ამ დროისთვის ახალი აშენებული ერთ-ერთი ლამაზი ქალაქი გრემი იყო, თუმცა შაჰ-აბასის შემოსევების შედეგად (1614-1617 წწ.) ქ. განადგურდა და კახეთის პოლიტიკური-ადმინისტრაციულ ცენტრი კვლავ თელავში გადავიდა. კახეთის სამეფო XIX ს_მდე იყო.



კახეთი აღმოსავლეთ საქართველოს საზღვრისპირა რეგიონს წარმოადგენს. მას ჩრდილოეთიდან რუსეთის ფედერაცია ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან აზერბაიჯანი. ფართობი 12,2 ათასი კმ2-ია, რაც საქართველოს ტერიტორიის 17,5%-ს შეადგენს. მოსახლეობა 407,2 ათასი კაცია და წარმოადგენს ქვეყნის მოსახლეობის 8,3%-ს. მხარის 8 ადმინისტრაციული რაიონებიდან 5 (ახმეტის, თელავის, ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის) შიდა კახეთშია, საგარეჯოს რაიონი (გურჯაანის ნაწილთან ერთად) გარე კახეთის ტერიტორიაზეა, ხოლო სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონები კახეთის ცალკე კუთხეს - ქიზიყს- შეადგენს. კახეთის ადმინისტრაციული ცენტრია თელავი. კახეთის კავკასიონის, გომბორის ქედსა და გარე კახეთის ზეგანს შორის მდებარეობს ალაზნის ველი. იგი 160 კილომეტრზეა გადაჭიმული და დასერილია კავკასიონიდან გაქდენი მდინარეებით. ალაზნის ველი უმთავრესად სწორი ზედაპირით ხასიათდება, რაც მიწათმოქმედების განვითარებას კარგ პირობებს ქმნის. 

კახეთი ვაზის სამშობლოა. მხარეში ვენახებს საერთო ფართის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია. კახეთის მევენახეობის და მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. აქ ვაზის 80-მდე ჯიშია გავრცელებული. სახელგანთქმულია კახეთის ღვინის ქარხნებში წარმოებული საფირმო ღვინოები. მევენახეობა და მეღვინეობა დღესაც მხარის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი დარგია. ღვინო აქ ყველა ოჯახში მზადდება. სტუმრებს სიამოვნებით უმასპინძლდებიან სახლში დაწურული ღვინით, ქართული სამზარეულოს უგემრიელესი კერძებით, სტუმართმოყვარე მასპინძლები აცნობენ ქართულ ტრადიციებსა და თვითმყოფად ეთნოგრაფიას. კახეთში ყურძნების ძირითადი ჯიშებია. 







რქაწითელი: თეთრყურძნიანი აბორიგენული ვაზის საღვინე ჯიში. გვხვდება კახეთის ყველა რაიონში. გამოიყენება სასუფრე ჯიშადაც. ხასიათდება უხვი მოსავლიანობით. კახეთის პირობებში სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის შუა რიცხვებიდან.კახური მწვანე: თეთრყურძნიანი აბორიგენული ვაზის საღვინე ჯიში. გვხვდება ძირითადად საგარეჯოს რაიონში, კერძოდ სოფ. მანავის ზონაში, სადაც საუკეთესო თვისებებს ამჟღავნებს. ნორმალურ პირობებში კარგი მოსავლიანობით ხასიათდება. 

ხიხვი: საქართველოს უძველესი აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიში. იგი ძირითადად გურჯაანის რაიონში გვხვდება, კერძოდ კი სოფელ კარდენახის ზონაში. მისგან ამზადებენ მაღალხარისხოვან შემაგრებულ ლიქიორის ტიპის ღვინოებს. ჯიში მცირე მოსავლიანობით ხასიათდება.ქისი: ქართული თეთრყურძნიანი აბორიგენული ვაზის საღვინე ჯიში. ქისს შუალედური ადგილი უკავია რქაწითელსა და კახურ მწვანეს შორის. მისი ღვინოები გამოიყენება როგორც სასუფრედ, ისე შამპანურის დასამზადებლად. 

საფერავი: კახეთის აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიში. საფერავი მგრძნობიარეა კლიმატურ პირობებთან, ამიტომ მისი გავრცელების არეალი კახეთში შეზღუდულია. საფერავი იძლევა განსხვავებული ღირსებების მქონე სუფრის ღვინოს, გამოირჩევა მაღალი შაქრიანობით. მისგან მზადდება როგორც მშრალი, ასევე ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო ”ქინძმარაული”. 

კაბერნე-სოვინიონი: ფრანგული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მასობრივად ბურგუნდიის მხარეშია გავრცელებული, სადაც გამოიყენება სახელგანთქმული ”ბურგუნდიული” ღვინის დასამზადებლად. საქართველოში მისი გავრცელების არეალია თელავისა და ყვარლის რაიონები. მისგან მაღალხარისხოვან სუფრის ღვინოებს ამზადებენ. კახეთის ასევე ცნობილია ჩურჩხელით. ბამბის ძაფზე ასხრული ნიგოზს, თხილს, ქიშმიშს ან ჩამიჩს თათარაში სამჯერ ავლებენ. ამზადებს აღმოსავლეთ საქართველოში ჩურჩხელა და დასავლეთ საქართველოში ჯანჯუხა. კარგი ჩურჩხელა და ჯანჯუხა გაზაფხულამდე ხვდება. საუკუნეების განმავლობაში ქართველ მოლაშქრეთა ერთ-ერთი მთავარი საკვები ჩხჩხელა იყო. 




სიღნაღი არის კახეთის რეგიონის ერთ ერთი ულამაზესი ქალაქი. სიღნაღი გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთებზეა გაშენებული, მდებარეობს მაღალი მთის კონცხზე და ალაზნის ველს გადმოჰყურებს. სიღნაღი ადრინდელი ციხის ნანგრევებზე თანამედროვე სახით XVIII ს-ის ნახევარში ერეკლე II- ის დროს აღმოცენდა. ციხეს 40 ჰექტარამდე ფართობი უჭირავს. იგი ძირითადად რიყის ქვითაა ნაშენი, აქა-იქ აგურია გამოყენებული. მისი გალავანი მთის რელიეფს მიყვება. ყველაზე მაღალი სამხრეთი მხარეა, აქედან გალავანი აღმოსავლეთით და დასავლეთით ქედს მიყვება, ორივე მხრიდან ხევში ეშვება და იქ ერთდება. ციხე-გალავანს მტრის თავდასხმისას მთელი ქიზიყის მოსახლეობის შეფარება შეეძლო. ციხეს 23 კოშკი და 5 შესასვლელი აქვს. კოშკების დიდი ნაწილი ორსართულიანია, ნაწილი სამსართულიანი, აღჭურვილი სათოფურებით, ბუხრებით, ნისებითა და საბრძოლო ბანებით. გალავანი ორიარუსიანია. პირველი იარუსი სქელია და ყრუ, მეორე იარუსს საბრძოლო ბილიკი გასდევს, კედლებში სათოფურებია დატანებული. გალავანში ხუთი ჭიშკარი გამოიყოფა, რომლებითაც მაღაროს კარი უშუალოდ ციხეს უკავშირდებოდა. თითოეულ კოშკს საკუთარი სახელი ჰქონდა. კოშკებში სათოფურები ისეა განლაგებული, რომ მომდგარი მტრისთვის ნებისმიერ წერტილში შეიძლებოდა დამიზნება როგორც გალავნის გარეთ, ისე მის შიგნით. XIX ს-ის უბნებში შემორჩენილია საცხოვრებელი არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუშები. 



ბუნების სილამაზის გარდა კახეთი ცნობილია ისტორიული ძეგლებით და ულამაზესი ეკლესიებით. ამ ისტორილული ძეგლებიდან ერთ ერთია ბოდბის მონასტერი. ბოდბის მონასტერი ქართველთა განმანათლებლის – წმინდა ნინოს განსასვენებლის ადგილზეა აგებული. სწორედ ამის გამო მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ბოდბის საეპისკოპოსო, რომელიც V საუკუნეში უნდა იყოს დაარსებული, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა კახეთის სამეფოს ისტორიაში. წმინდა ნინოს საფლავზე აგებული ტაძარი პირველ ქრისტიან მეფეს მირიანს აუგია. V საუკუნეში ტაძარი ვახტანგ გორგასალს გაუფართოვებია, სამნავიანი ბაზილიკის სახე კი მან VIII-IX სს.-ში მიიღო. შუა საუკუნეებში აქ ხდებოდა კახთა მეფეების კურთხევა. XIX ს. დასაწყისისთვის საეპისკოპოსო ასზე მეტ ეკლესიას აერთიანებდა, ამიტომ ის არის საეპისკოპოსო ცენტრი კახეთში,იგი მდებარეობს ქალაქ სიღნაღიდან 2 კილომეტრში. 1811 წელს რუსეთის მმართველობის მიერ ჩატარებული რეფორმის შედეგად საეპისკოპოსო გაუქმდა. ბოდბის მონასტერს, როგორც ერთ -ერთ სიწმინდეს დიდ ყურადღებას აქცევდნენ ქართველი მეფეები, იგი მრავალჯერ იქნა შეკეთებული და რესტავრირებული. XVII-XVIII სს. ბოდბის მონასტერი მნიშვნელოვანი მწიგნობრული კერა იყო. 1837 წელს მონასტერი გაუქმდა და სამრევლო ეკლესიად იქცა. 1889 წელს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ბრძანებით დედათა მონასტერი გაიხსნა, სადაც, ამავდროულად, სამასწავლებლო სკოლაც ფუნქციონირებდა. ეკლესიაში არსებული წარწერის მიხედვით XIX საუკუნის 20-იან წლებში იგი საფუძვლიანად შეუკეთებიათ და მოუხატავთ. ბოდბის სამონასტრო კომპლექსში შედის სამრეკლო და მონაზონთა სენაკები., აგრეთვე წმინდა ნინოს წყარო, რომელსაც მორწმუნეები სამკურნალო თვისებებს ანიჭებენ. 
ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი დღესდღეობითაც მოქმედია. 
მეტად შტამბეჭდავია ძველი შუამთის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც თელავიდან 7 კილომეტრზე, ტყეში მდებარეობს. კომპლექსში შედის V საუკუნის ბაზილიკა, V საუკუნის გუმბათოვანი და მცირე გუმბათოვანი ეკლესიები. სამივე ეკლესია რიყის ქვით არის ნაგები. XVI საუკუნეში შუამთის მონასტერი დაცარიელდა. მის მახლობლად კახთა მეფის ლევან II-ის მეუღლემ, თინათინ გურიელის ასულმა დააარსა შუამთის ახალი მონასტერი, რომელიც აგურითაა ნაგები. ეკლესია განაახლა ერეკლე II-მ. კომპლექსში შედის სამრეკლო და სხვა ნაგებობანი. 

















Hiç yorum yok:

Yorum Gönder